

ანზორ აბჟანდაძე (1941) შემოქმედთა იმ უკომპრომისო ნაწილს ეკუთვნის, რომელსაც არასოდეს უცდია იაფფასიანი, კონფორმისტული ნაწარმოებებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 1980–იანი წლებიდან იგი პროფესიონალურ ლიტერატურულ
მოღვაწეობას ეწევა, როგორც პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის მკვლევარი. მასვე ეკუთვნის თანამედროვე საზოგადოების სატკივარით განპირობებული პუბლიცისტური წერილები.
წინამდებარე გამოცემა ანზორ აბჟანდაძის პოეტური ნაწარმოებების
მესამე კრებულია. იგი დაყოფილია თემატურ რკალებად;
თითოეული რკალი კი შედგენილია ქრონოლოგიური განვითარების პრინციპით. კრებულის ასეთი შედგენილობა საშუალებას
მისცემს მკითხველს ადვილად აღიქვას ნაწარმოებთა თემატიკის განვითარება, დროსთან თანაფარდობაში მიმდინარე
ცვლილებანი.
ანზორ აბჟანდაძის ლირიკა რაინდულ გაგებაზე და ქრისტიანულ
მორალზეა დაფუძნებული. მისი პოეტური ნაწარმოებების კითხვისას, რომელთა თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია (პატრიოტიზმი, ეპოქალური წუხილები, ცხოვრებისეული ტკივილების
განზოგადება და ა.შ.), ნელ–ნელა იკვეთება მისი, როგორც
პოეტისა და მოქალაქის პორტრეტი:
დაფიქრებული, ალალი, მეგობრის გარდაცვალების გამო გაშვებული წვერით, ოცნებებში სამშობლოს ბედნიერების მხილველი, გაუტეხელი ქართველი კაცი.