ჩვენ შესახებ

„მთაწმინდა“ პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა იყო კომუნისტური რეჟიმის პირობებში. იგი დააფუძნა ლიტერატორმა და მხატვარმა ზურაბ კალანდაძემ 1989 წელს. მის დაარსებას წინ უსწრებდა დამფუძნებლის ხანგრძლივი კონსულტაციები ცნობილ ქართველ პოეტთან, მთარგმნელთან და ლიტერატურის მკვლევართან გიორგი კალანდაძესთან (რეპრესირებული იყო 1942-1949 წლებში), ხოლო შემდგომ – ინტენსიური მუშაობა „საღვთისმეტყველო კრებულში“ (მთავარი რედაქტორი – ედიშერ გიორგაძე), რომელიც უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და ფინანსური თანადგომით შეიქმნა (იარსება რამოდენიმე წელს). ამ ჟურნალში თანამშრომლობდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მოღვაწენი: ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ კიკნაძე, ბესიკ ადეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი და სხვანი, რომელთა ოცნება ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენა და ქართული ლიტერატურულ-კულტურული საგანძურის დაცვა და წარმოჩენა იყო.

  „საღვთისმეტყველო კრებულის“ თანამშრომელთაგან რამოდენიმემ დაარსებისთანავე დაიწყო მუშაობა გამომცემლობა „მთაწმინდას“ სამეცნიერო ჯგუფში, რომელშიც ასევე მოღვაწეობდნენ: ზურაბ სარჯველაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, მანანა მაჩხანელი, დარეჯან თვალთვაძე, უჩა ცინდელიანი და სხვანი.
„მთაწმინდამ“ დროებით შეწყვითა მუშაობა 1994 წელს მძიმე ეკონომიური და პოლიტიკური პირობების გამო და განახლდა 2008 წელს – ამჯერად გიორგი კალანდაძის მიერ – იგივე მიზნებითა და ლიტერატურული გეზით, რითაც იყო დაფუძნებული.

ესენია:

− იმ პიროვნებათა ნაწარმოებების გამოცემა, რომლებიც დაკრძალულნი არიან მთაწმინდის პანთეონში.
− იმ პირთა ნამუშევრების წარმოჩენა, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული კულტურის განვითარებაში და რომელნიც მათი მოღვაწეობის მნიშვნელობით მთაწმინდის სულიერ მკვიდრთ წარმოადგენენ.
− ისეთი ნაწარმოებების წარმოჩენა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რწმენისა და ეროვნული სახის შეუბღალავად შენარჩუნებას.
− ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც ქართული კულტურის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენას დაეხმარება.
− დაუბეჭდავი ნამუშევრების გამომზეურება.
− ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობა შემოქმედების ძნელსავალ გზაზე.