„მომქმედი მქადაგებელნი“ წარმოადგენს გამოცემათა სერიას. იგი მკითხველს შესთავაზებს თანამედროვე მოძღვართა ქადაგებების კრებულებს, გააცნობს მომქმედ სასულიერო მოღვაწეებს და ხელს შეუწყობს მათი ქადაგებების შემონახვას მომავალი თაობებისათვის.
დაფუძნდა 2010 წელს, თბილისში, ლიტერატურის მკვლევარის ზურაბ კალანდაძის ინიციატივით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით.
არაერთი ქართველი მართლმადიდებელი მოძღვრის ქადაგებებია გაბნეული და ხელმიუწვდომელი. მეტად ძნელი ხდება მათი მოძიება, როცა მოძღვარს თვითონ აღარ შეუძლია მონაწილეობის მიღება მათ შეგროვებასა და გამოსაქვეყნებლად მომზადებაში. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მომქმედ სასულიერო მოღვაწეებთან უშუალო ურთიერთობის საფუძველზე მათი ქადაგებების გამოსაცემად მომზადება და გამოქვეყნება.
„მომქმედი მქადაგებელნი“ ტომი 6
გთავაზობთ დეკანოზ ალექსანდრეს (ბოლქვაძე) ქადაგებების კრებულს. წიგნი მოიცავს 2010-2016 წლებში სამების კოპლექსში მდებარე სულიწმინდის სახელობის ეკლესიაში, ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წარმოთქმულ ქადაგებებს.
დეკანოზ ალექსანდრეს ქადაგებები გამსჭვალულია თანამედროვეობის მძაფრი შეგრძნებით. მათში წარმოჩენილია ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.
„მომქმედი მქადაგებელნი“ ტომი 7
„მთაწმინდა“ განაგრძობს გამოქვეყნებას გამოცემათა სერიისა: „მომქმედი მქადაგებელნი“. იგი მკითხველს კვლავაც შესთავაზებს თანამედროვე მოძღვართა ქადაგებების კრებულებს, გააცნობს მომქმედ სასულიერო მოღვაწეებს და ხელს შეუწყობს მათი ნააზრევის შემონახვას მომავალი თაობებისათვის.
ამჯერად გთავაზობთ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ქადაგებებს. ისინი გამოირჩევა ნათელი აზრით და ადვილად გასაგები ენობრივი ქსოვილით. იგი შეეხება ზოგადსაკაცობრიო ქრისტიანულ საკითხებს და ამავ დროს, დღევანდელი ქართველი საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებს, განხილულს სარწმუნოებრივი თვალსაზრისით.