ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის უმდიდრეს თეორიულ მემკვიდრეობაში შემეცნებით-დიდაქტიკური და სასწავლო-აღმზრდელობითი შინაარსის გამოკვლევებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საისტორიო პუბლიცისტური ხასიათისა და საქართველოს უძველესი წარსულისადმი მიძღვნილ ნაშრომებს. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის მარწუხებში მოქცეული საქართველოს მოზარდი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდასა და ქართველი ხალხის პოლიტიკურად გათვითცნობიერებაში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული ნაშრომები დღევანდელ სინამდვილეშიც ინარჩუნებენ ცხოველმყოფელ ძალას და პროგრესულ მნიშვნელობას, რადგან ეხმაურებიან და სრულად პასუხობენ ქართველთა წინაშე დამდგარ სადღეისო პრობლემებს.
წინამდებარე კრებული მიზნად ისახავს ქართველ საზოგადოებას მიაწოდოს იაკობ გოგებაშვილის საისტორიო-პუბლიცისტური ხასიათის წერილები და ისტორიული მოთხრობები, რომლებიც ერთ მთლიანობაში აღებული თვალნათლივ წარმოაჩენს ჩვენი დიდი წინაპრისა და ერისკაცის ნაფიქრ-ნააზრს საქართველოს, მამულისა და მამულიშვილობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქრებს იმაზე, თუ რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი უნდა ვიყოთ მომავალში.
კრებულში შეტანილი მოთხრობები და ისტორიული ამბები განლაგებულია მოვლენათა განვითარების, ხოლო საისტორიიო-პუბლიცისტური თხზულებები — მათი დაწერისა და გამოქვეყნების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის პრინციპით. საკუთარი (ადამიანთა და გეოგრაფიული) სახელები შეიცვალა თანამედროვე ნორმათა მიხედვით, გასწორდა ფონეტიკური ცვლილებებით მიღებული არასწორი ფორმები.
რანი ვიყავით გუშინ იაკობ გოგებაშვილი
About the Book
Disclosure of Material Connection: Some of the links in the page above are "affiliate links." This means if you click on the link and purchase the item, I will receive an affiliate commission. I am disclosing this in accordance with the Federal Trade Commission's 16 CFR, Part 255: "Guides Concerning the Use of Endorsements and Testimonials in Advertising."